ცხოვრების სტილი

Style and fashion are the two ways to say who you are without having to speak

8 მაისი, 2015

მოდა იმ ერთ-ერთ საკითხთაგანია, რომელთანაც გვინდა თუ არა ყოველდღიური შეხება გვაქვს. მიუხედავად ზოგიერთი ადამიანის რწმუნებისა, რომ ჩაცმის სტილს მათ ცხოვრებაში არ აქვს განმსაზღვრელი როლი, მაინც თითოეული ჩვენგანი ყოველ დილით ირჩევს ტანსაცმლის გარკვეულ კომბინაციას, რაც პირდაპირ მეტყველებს ჩვენს პიროვნებასა და განწყობაზეც კი.
წარმოდგენა თანამედროვე მოდაზე არაერთგვაროვანია, ვინაიდან განსხვავებულ როლს თამაშობს ყველა ადამიანის ცხოვრებაში. მოდა ხელოვნებაა; მოდა მრწამსია; მოდა შრომაა... ეს არის სარკმელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალი შევავლოთ პიროვნების შინაგან სამყაროს; მოდა არის ინდივიდუალური განცხადება საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად. მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად ადამიანები უამრავი ოდენობის თანხას ხარჯავენ, რათა უახლესი მოდური სამოსის ახალი მფლობელები გახდნენ.
კი მაგრამ, მხოლოდ ძვირადღირებული ბრენდების შეძენა საკმარისია?.. მოდა არის ის, რასაც ყიდულობ, სტილი კი-თუ როგორ იყენებ, როგორ მოირგებ მას. სტილი ყველასთვის უნიკალურია, ის თითოეული ჩვენთაგანის პირადი არჩევანის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებაა, და ჩვენ მიერ არჩეულ ტანსაცმელსა და აქსესუარებში აისახება. მოდას და სტილს ხშირად აიგივებენ, რასაც ბევრი შეცდომაში შეჰყავს. ოსკარ დელარენტა ამბობს, რომ მოდა პოპულარულად ჩაცმას განსაზღვრავს, ხოლო სტილი -ინდივიდუალურობას, რაც ჩემი აზრით, მოკლედ და კონკრეტულად გადმოსცემს საკითხის მთელ კონცეფციას.
შეიძლება არ ვიცოდეთ რომელი წლის რომელი სეზონის კოლექციიდანაა ჩანთა, რომელიც ყოველდღე ჩვენი მეგზურია, ან თუნდაც კაბა, რომელიც განსაკუთრებული საღამოსთვის ავარჩიეთ... მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ტანსაცმელი და აქსესუარები გვმატებდეს თავდაჯერებას და ასახავდეს ჩვენს პიროვნებას - სწორედ ეს არის მოდა.